კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში და მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტში ბევრი ადამიანი გავიცანით დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით.
მინდა გაგაცნოთ ჩვენი დროის გმირები, ხობელი ახალგაზრდები: გიორგი ახალაია, მედეა ცხომარია, თამუნა გაბრავა, ლანა ბჟალავა, როზა ხურცილავა და მარიამ ტურავა, რომლებიც ამ ცუდ, პანდემიის პერიოდში თბილისის სხვადასხვა კლინიკებში მუშაობენ, ,,კოვიდ 19’’-ით დაინფიცირებულ პაციენტებს უვლიან და დაუღალავად ეხმარებიან იმ ადამიანებს, ვისაც მათი თანადგომა სჭირდება. მიუხედავად დროის დეფიციტისა, მათ გამონახეს დრო, რომ გაგვცნობოდნენ, მოგვფერებოდნენ და თავიანთი სათქმელი მოკლედ ეთქვათ ხობელებისთვის.
გიორგი ახალაია:
გიორგი ახალაია, 27 წლის, გაიზარდა ქალაქ ხობში, დაამთავრა ხობის NI საჯარო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე ჩააბარა. დღეს ის დიპლომირებული მედიკოსია.
,,პირველი ახლო შეხება მედიცინასთან ხობის კლინიკაში მქონდა და ძალიან ტკბილად მახსენდება ზაფხულის ის ერთი თვე. შემდეგ უკვე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ვმუშაობდი, ასევე ნიუ ჰოსპიტალში. ამჟამად ვმუშაობ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, რადგან ყველაზე ჰუმანური პროფესიაა და მსიამოვნებს, როცა ადამიანებს ვეხმარები. მედიცინის გარდა ძალიან მიყვარს წერა და როცა მოვიცლი აუცილებლად გადავიტან ჩემს სათქმელს წიგნებში ლექსად და ასევე პროზაულად.
კორონავირუსი უდიდესი გამოწვევაა მთელი კაცობრიობისთვის და სწორედ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია დავამარცხოთ იგი. თითოეულ ჩვენგანს აკისრია დიდი თუ მცირე მისია მასთან ბრძოლაში და საჭიროა ეს კარგად გავითავისოთ. ამჟამად ჩვენს კლინიკაში არ გვყავს კორონავირუსიანი პაციენტები, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება მივიღოთ და ჩავებათ ამ მძიმე ბრძოლაში. მანამდე კი ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მუშაობას უმძიმეს პაციენტებთან. რეანიმაცია ხომ სიკვდილ-სიცოცხლის სადარაჯოა, “ - ამბობს გიორგი
გამორჩეულად უყვარს ხობი და ხობელები, ,,გული და სული მითბება ხობში რომ ჩავდივარ, ცოცხლდება ჩემი ბავშვობა. მიხარია და ვამაყობ ხობელი რომ ვარ.ხობელებს სულიერ და ხორციელ ჯანმრთელობას ვუსურვებ. თქვენს კეთილ საქმეებსაც თვალს ვადევნებ და ბედნიერი ვარ ხობში ასეთი მზრუნველი ადამიანები რომ არსებობენ. იხარეთ და იბედნიერეთ. სიყვარული ხომ საუკეთესო მკურნალია!“
გიორგის მიზანია, ადამიანების დახმარება, თავისი წვლილი შეიტანოს ადამიანების გამოჯანმრთელებაში და სიცოცხლის ბოლომდე იყოს ღირსეული ხობელი. ,,ძალიან მიყვარხართ! გეფერებით დიდი სითბოთი და სიყვარულით! ეს ყველაფერი კარგად რომ ჩაივლის, ერთად აღვნიშნოთ ჩვენს პატარა, მაგრამ ძალიან დიდი სიყვარულით სავსე ხობში!
მადლობა სიყვარულისთვის!”.
მედეა ცხომარია:
- მედეა ცხომარიამ დააამთავრა ქ. ხობის N1 საჯარო სკოლა. იმდენად პატარა იყო, როცა ექიმობაზე ოცნებობდა, არც ახსოვს როდის გადაწყვიტა ექიმობა. ,,ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ყოველთვის ექიმად წარმოვიდგენდი თავს, არასოდეს მიფიქრია სხვა პროფესიის არჩევაზე. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, “- ამბობს ის ჩვენთან საუბრისას. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. იმყოფებოდა ERASMUS + გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში. ახლა ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგიის მესამე წლის რეზიდენტია. პარალელურად მუშაობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ბოჭორიშვილის კლინიკაში, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის განყოფილებაში.
,,სამედიცინო სფეროში პრაქტიკული გამოცდილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია თეორიულ ცოდნასთან ერთად. გამიმართლა, რომ ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვმუშაობ და ვიზრდები პროფესიულად.
ექიმობა საკმაოდ რთული პროფესიაა, დიდ დროს, შრომას და ენერგიას მოითხოვს წარმატების მისაღწევად. ამ რთული გზის მიუხედავად, ამ გამოცდილებით მაინც იგივე გზას ავირჩევდი. ვფიქრობ, ჩემი თავი ვიპოვე ამ სფეროში. თუმცა, თუ ვინმე მკითხავს რჩევას მედიცინაზე სწავლის შესახებ, არავის ვურჩევდი. საქართველოში ამ ეტაპზე საკმაოდ დაუფასებელი პროფესიაა.
ახლა ძალიან რთული პერიოდია მსოფლიოში. მძვინვარებს კორონავირუსის პანდემია. კლინიკები, სადაც მე ვმუშაობ აქტიურად ჩაბმულია კოვიდ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. რეანიმაციული განყოფილება აღჭურვილია უახლესი აპარატურით. მზად ვართ მეტი პაციენტის მისაღებად. სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება. ჩვენ მივყვებით მსოფლიოში აღიარებულ პროტოკოლს და ამ ეტაპზე კარგი შედეგები გვაქვს’’ - ამბობს მედეა.
მედეა ძალიან არის შეყვარებული ხობზე ,,ძალიან მიყვარს ხობი და გული მწყდება, ხშირად რომ ვერ ვახერხებ ჩასვლას. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში, ჩემი ოცნების ახდენაში დიდი როლი აკისრია ხობელ ხალხს, ჩემს სკოლას და მასწავლებლებს, ამისთვის თითოეულს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ახლაც ვგრძნობ მათგან დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას. ყველას მინდა ვუთხრა, რომ შეუძლიათ ჩემი იმედი ჰქონდეთ. იმედს ვიქონიებ, პროფესიული კუთხით არასოდეს დაგჭირდებით (იღიმის)”.
თამუნა გაბრავა:
თამუნა გაბრავა დაიბადა და გაიზარდა ქ. ხობში. დაამთავრა ქ. ხობის N1 საჯარო სკოლა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და ცხოვრობს თბილისში. მონაწილეობს სხვადასხვა პროგრამაში და კვლევაში. 10 წელია მუშაობს სხვადასხვა კლინიკის (ქირურგიის ეროვნული ცენტრი, ალადაშვილის კლინიკა, კლინიკა „ჯერარსი“, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა) რეანიმაციულ და გადაუდებელ დეპარტამენტებში. პარალელურად არის ლიცენზირებული კარდიოლოგი.
,,ხობთან და განსაკუთრებით სკოლასთან არის დაკავშირებული სავსე ტკბილი მოგონებები. არასდროს მიფიქრია სხვა პროფესიაზე, რისთვისაც მადლობას ვუხდი დედას (შორენა საბახტარაშვილი). ექიმობა ეს არის მთელი ჩემი ცხოვრება, ადრენალინი, პროფესია, რომელიც მაძლევს სტიმულს ადამიანებს გავუწოდო დახმარების ხელი. ჩემი ცხოვრების განვლილმა ეტაპმა დამარწმუნა პროფესიის არჩევაში მიღებული გადაწყვეტილება იყო ძალიან სწორი არჩევანი.
ექიმობა ეს არის პროფესია, რომელიც წარმატების მისაღწევად მოითხოვს დიდ შრომას, ენერგიას და უძილო ღამეებს. არასოდეს მინანია არჩეულ პროფესიაზე. წლებია უძლიერეს გუნდთან ერთად ვმუშაობ და ვვითარდები. ძალიან მძიმე პაციენტებთან მიწევს მუშაობა რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა უდიდესი გამოწვევა იყო ჩემთვის კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა. თითოეული გადარჩენილი პაციენტის სიცოცხლე მმატებს ენერგიას, ბრძოლის უნარს შემდგომი სიცოცხლის გადასარჩენად.
დღეს მთელ მსოფლიოში მძინვარებს COVID 19-ის პანდემია. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა ჩაბმულია კოვიდ ვირუსთან ბრძოლაში. მადლობა მინდა გადავუხადო პროფესიონალურ გუნდს დაუაღალავი შრომისთვის და თავდადებისთვის, რომ წარმატებით მიმდინარეობს ბრძოლა დღეს არსებულ ვერაგ კოვიდ ვირუსთან. ჩვენს კლინიკაში ყოველდღიურად მატულობს გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა“.
თამუნას ოცნებაა პანდემიის გარეშე, მშვიდობიან საქართველოში სიყვარულით ცხოვრება, წარმატებული კარიერა და ბევრი გამოჯანმრთელებული პაციენტი.
ხობზე ამბობს, რომ ეს ის ადგილია, რომელიც ყოველთვის ენატრება, ,,...სულ მენატრება ჩემი ხობი, რომელიც აღმავსებს დადებითი და ტკბილი ემოციებით. ემოციები, რომელებიც დაკავშირებულია ოჯახთან, ხობელებთან, ჩემს მეგობრებთან და მასწავლებლებთან. თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო სითბოსთვის, სიყვარულისთვის და თანადგომისთვის. ყოველთვის მზად ვარ მხარში ამოვუდგე ჩემს ხობელებს, თუმცა არ ვისურვებდი ჩემი პროფესიით (იღიმის). ყველას და მათ შორის ხობელებს ვურჩევ გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები. თითოეულ მათგანს ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიყვარულს და წარმატებებს’’.
ლანა ბჟალავა:
ლანა ბჟალავა, გაიზარდა ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში. სწავლობდა ქალაქ ფოთის მე-8 საჯარო სკოლაში, შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიოლოგიის ფაკულტეტზე. ამჟამად მუშაობს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში. რეანიმაციაში მუშაობა იმდენად დიდი საინტერესო გამოწვევა იყო მისთვის, ჩააბარა საექთანო ფაკულტეტზე, მიუხედავად, იმისა, რომ ამ პროფესიით ამ ეტაპზე არ მუშაობს, აქვს გეგმები პროფესიული წინსვლის.
,,რეანიმაციაში ვისწავლე ბევრი რამ, რაც ცხოვრებაში ყოველთვის გამომადგება, გუნდურობა, შრომა და ბოლოს სიხარული მადლიერების გრძნობის, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში გაწერილი პაციენტები გამოხატავენ. ძალიან სასიამოვნოა, როცა შეგიძლია ადამიანს დაეხმარო, ვინც ამას საჭიროებს, მცირეოდენი წვლილიც კი სიხარულს განიჭებს, როცა მათ ეხმარები.
რთულია, რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობდე, მაგრამ ორმაგად რთული გახდა, როცა კოვიდ ინფიცირებული პაციენტები მივიღეთ. არ ვიცოდით, რა როგორ გაგვეკეთებინა, მაგრამ მთელმა გუნდმა ერთად თავდაუზოგავი შრომით ყველაფერი შევძელით. დღევანდელი შედეგიც ამას მოწმობს. ეს თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რაც ძალიან საამაყო და დასაფასებელია, როცა ძლიერი გუნდი გყავს შეუძლებელიც არაფერია, მთავარია, არ შეუშინდე“ - ამბობს ლანა.
თუ რას ფიქრობს ლანა ვირუსთან მებრძოლ ექიმებზე, ის გვპასუხობს: ,,ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები არიან ძალიან ძლიერები, მაინც ინარჩუნებდე სიმხნევეს ასეთ დროს და ებრძოდე ასეთ ვირუსს, ადვილი არაა. თავიდან არის დაბნეულობა, შიში, მაგრამ ამავდროულად არ კარგავენ ხალისს, ეს მათი სიძლიერის და ოპტიმისტური დამოკიდებულების შედეგია. ჩვენი ძლიერი ექიმები, მედპერსონალი, თავდაუზოგავად 24 საათიან რეჟიმში არიან ჩართული კოვიდთან ბრძოლაში ოჯახისგან მოშორებით, რასაც თან ახლავს მონატრება, შიში და ბევრი უძილო ღამე”.
თუ როგორია ვირუსის სიმპტომები ამბობს, რომ ვირუსის სიმპტომები განსხვავებულია, ინდივიდუალური, მაგრამ ძალიან კარგად უმკლავდებიან, რასაც დღევანდელი შედეგიც მოწმობს.
ლანას ოცნებაა, მალე მორჩეს კოვიდთან ბრძოლა, დაუბრუნდეს ყველა ჩვეულ ცხოვრებას, ოჯახს, მეგობრებს, ვინც ვერ ახერხებს ამ რთულ პერიოდში მათ ნახვას - ,,ახლა ეს არის მთავარი ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. მე პირადად დიდი ხანია ოჯახი, მეგობრები არ მინახავს, როგორც ბევრ სხვას, მაგრამ საოცარი ექიმების წყალობით მალე შევძლებთ საბოლოოდ შეწყდეს კოვიდთან ბრძოლა. ამ პერიოდში გაორმაგებულად მივხვდი, რომ მთავარია ერთიანობა და სიყვარული, საოცარი თანამშრომლები მყავს და ძალიან ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ხობში ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. მინდა ხობელებს ბევრი სიკეთე, ჯანმრთელობა, სითბო, წარმატება, ურთიერთსიყვარული და ბედნიერად, მშვიდობიან გაბრწყინებულ ქვეყანაში ცხოვრება ვუსურვო. მთვარი ერთმანეთის მიმართ სიყვარულია და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ გავიმარჯვებთ და საბოლოოდ დავამარცხებთ კოვიდ-19“.
როზა ხურცილავა:
როზა ხურცილავა დაიბადა და გაიზარდა ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში. დაამთავრა პატარა ფოთის საჯარო სკოლა. ცხოვრობს თბილისში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მუშაობს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში.
ძალიან თბილად იხსენებს ხობში გატარებულ წლებს, სკოლის პერიოდს და კლასელს, დღეს ცნობილ ექიმს ლევან რატიანს - ,,მყავდა უსაყვარლესი პადაგოგები და უსაყვარლესი კლასელები, მათ შორის იყო უნიჭიერესი ლევან რატიანი, რომელიც არის საუკეთესო ადამიანი, თბილი, მოსიყვარულე, მეგობრული, მზრუნველი, შრომისმოყვარე, კარგი ოჯახის შვილი. მიხარია, რომ ლევანი დღეს მსოფლიოში ცნობილი გმირი ექიმია.
სამედიცინო სფეროში მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლოა, უსაზღვროდ გახარებული ვარ, როდესაც ვიგებ ექიმებისგან, რომ პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და გაწერას უპირებენ. ვნატრობ ხოლმე, რომ ჩემს მორიგეობაზე გაიწეროს, რადგან მათი ბედნიერი და მადლიერი თვალები ვნახო... და თუ ცუდად მთავრდება ყველაფერი, ძალიან განვიცდი.
ყოველთვის მიყვარდა ჩემი პროფესია, ბედნიერი ვარ, რომ ამ სფეროში აღმოვჩნდი. უფალს ვთხოვ, ჩემი ქვეყანა იყოს ერთიანი და ძლიერი. მიყვარს ჩემი ხობი და ხობელები, მინდა მყავდეთ ჯანმრთელები და ბედნიერები“.
მარიამ ტურავა:
მარიამ ტურავა არის 24 წლის, დაიბადა და გაიზარდა ხობის რაიონ სოფელ ხეთაში. 2013 წელს დაამთავრა ხეთის საჯარო სკოლა. 2015 წელს თბილისის სამედიცინო კოლეჯი, სადაც ექთნის პროფესიას დაეუფლა. ახლა სწავლობს საქართველოს საპატრიატქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე.
ექთნის პროფესიით მუშაობს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
როგორც მარიამი ამბობს, სამედიცინო სფეროთი ბავშვობიდან იყო გატაცებული: ,,ექთნის პროფესია ბავშვობიდან მომწონდა და იქცევდა ჩემს ყურადღებას. მუდმივად მქონდა სურვილი ჩამეცვა თეთრი ხალათი, დავხმარებოდი ადამიანებს და წვლილი შემეტანა სიცოცხლის გადარჩენაში. თავიდანვე მქონდა გააზრებული ისიც, რომ აუცილებლად უნდა მემუშავა მძიმე პაციენტებთან, ამიტომ ავირჩიე რეანიმაციული განყოფილება.
ახლა კი როცა მსოფლიო და საქართველო ებრძვის covid -19- ს არცერთი წამით არ ვნანობ და არ ვაპირებ უკან დახევას, პირიქით, უფრო მობილიზებული ვარ და მინდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო და მეტი სოცოცხლის გადარჩენაში ვმონაწილეობდე.
გვყავდა ვირუსით დაავადებული პაციენტები, მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთული იყო, როგორც ემოციური თვალსაზრისი ისე ფიზიკურად დაინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობა და მათი მკურნალობა, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერს აქვს დასასრული და ახლა ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში ძალიან ცოტა დაინფიცირებული პაციენტი გვყავს და ვფიქრობ, მალე დავუბრუნდებით მუშაობის ჩვეულ რეჟიმს.“
რა არის მისი ოცნება?--მარიამი ასე გვპასუხობს ,,არ ვიცი რამდენად სწორო იქნება იმ ჩამონათვალს ოცნება დავარქვა,
მარიამს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც პანდემიის პერიოდში სამსახურიდან გამომდინარე 41 დღის განმავლობაში არ უნახავს. ,,29 მარტიდან 11 მაისამდე არავისთან კონტაქტი არ მქონია, გარდა სატელეფონო საუბრისა. რთული იყო ნამდვილად, თან შვილთან კამერითაც ვერ ვსაუბროდი, რადგან ძალიან ღიზიანდებოდა“.
თუ რას ფიქრობს ხობზე - მარიამი ამბობს: ,,ჩემი ტკბილი წარსული და ბავშვობა უკავშირდება ხობს, როცა ჩამოვდივარ მშობლიურ მხარეში მთლიანად ვივსები დადებითი ემოციით და ბედნიერი ვარ იქ გატარებული თითოეული წუთით.
მიყვარს ჩემი მუნიციპალიტეტის და სოფლის ყველა ადგილი, ჩემი მხარის დიდი ხნის მონატრებული როცა ვარ და ჩამოვდივარ, სახლში მისვლამდე ქუჩაში შემხვედრ ყველა უცნობ ადამიანში ჩემი ოჯახის წევრს ვხედავ, რომელსაც შემიძლია ჩავეხუტო.
ჩემიანებს (ასე მოიხსენიებს ხობელებს) ვუსურვებ ჯანმრთელობას და იმ მთავარი ხიბლის არ დაკარგვას, რაც აქამდე მოგვყვა. სითბო და ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა არ დაგვეკარგოს არასდროს.“
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
ავტორი ჯენი ჯანხოთელი
ექიმობა რთული საქმეა. იყო ჭეშმარიტი ექიმი, ამისთვის მარტო იცნობდე მეცნიერებას და იცოდე მკურნალობა, არაა საკმარისი, აუცილებელია იყო ნამდვილი ადამიანი და იცოდე ცხოვრებაზე თითქმის ყველაფერი. ექიმს უნდა ჰქონდეს მუშაობის სასიკეთო მორალური გარემო, რომ გადაიტანოს თავისი პროფესიის ყველა სირთულე... თქვენ ეს ყველაფერი გქონდათ... პანდემიის პერიოდში იოლად გადაიტანეთ თქვენი პროფესიის ყველა სირთულე... თქვენსა და ავადმყოფს შორის იყო სიყვარული და თანაგრძნობა... ამით კი დაამტკიცეთ, რომ ხართ პროფესიონალები...
მე კი შემიძლია ვთქვა, რომ სამყაროს სიკეთე მართავს, სიკეთე ალამაზებს… ჩუმი სიკეთე. ცივი გულით ვფიქრობ ვერ გახდები ექიმი, სწორედ სიკეთის კეთება იყო პანდემიის პირობებში ყველაზე დასაფასებელი მოვალეობა... თქვენისთანა ადამიანები ალამაზებენ ამ სამყაროს... თქვენ ხართ ჭეშმარიტი მედიკოსები… თქვენმა სიკეთემ შექმნა რწმენა, იმისა, რომ ყოველთვის გაუფრთხილდებით ადამიანის სიცოცხლეს... თქვენი სფერო ის სფეროა სადაც მოდიან განწირული ადამიანები და თქვენგან დროულ დახმარებას, დიდ მხარდაჭერას და სიცოცხლის გახანგრძლივებას ელოდებიან... ჩვენი მოვალეობა კი - მეტი ყურადღება დავუთმოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას...
წარმატებებს ვუსურვებ ამ საამაყო ხობელ ახალგაზრდებს... ხობი იყო და მჯერა, რომ სულ იქნება გამორჩეული, წარმატებული, განათლებული ადამიანების მუნიციპალიტეტი...
გვიყვარხართ და გვეიმედებით…