15.05.2026

აია სოფიას სახელობის ტაძარში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

 



ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე აია სოფიას სახელობის ტაძარში ამჟამად არქეოლოგიური  სამუშაოები მიმდინარეობს.

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ტაძარი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს და მისი კვლევა-აღდგენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

ტაძარში მიმდინარე პროცესები ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის,  გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება. მეუფის მიერ მომზადებული წერილის საფუძველზე, ძეგლს და მიმდებარე ტერიტორია ჩატარდა შესაბამისი კვლევები და შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც ტაძრის ისტორიული იერსახისა და ავთენტურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

არქეოლოგიურ და კვლევით პროცესებში ჩართული არიან სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის  არქიტექტორ-რესტავრატორები: რევაზ შაშვიაშვილი და რევაზ პაპუაშვილი (ხობის საპატიო მოქალაქე), ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია, გეოლოგი ალეკო პაიჭაძე და ტოპოგრაფი გოგა კვარაცხელია. სპეციალისტთა ჯგუფი ერთობლივად მუშაობს ტაძრის ისტორიული, კულტურული და კონსტრუქციული თავისებურებების შესწავლაზე.

პროექტის მხარდამჭერი და დამფინანსებელია, ამავე სოფლის მკვიდრის თეიმურაზ და ესტატე ფილიპიების შთამომავალი ზურაბ ფილიპია, რომლის მხარდაჭერითაც ტაძარში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო და კვლევითი სამუშაოები ხორციელდება.

სპეციალისტების შეფასებით, ტაძარი უნიკალური არქიტექტურული და კულტურული მნიშვნელობის მატარებელია.

აღსანიშნავია, რომ აია სოფიას სახელწოდება ქართულ სინამდვილეში განსაკუთრებულ ისტორიულ კავშირს ატარებს და კიდევ უფრო ზრდის ამ ძეგლის მნიშვნელობას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, აია სოფიას სახელობის ტაძარი კიდევ უფრო მნიშვნელოვან კულტურულ და სულიერ ცენტრად ჩამოყალიბდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას, ისე რეგიონის კულტურულ განვითარებას.


იხილეთ აია სოფიას შესახებ