31.10.2025

  
    სამკაული ის უნივერსალური ნივთია, რომელსაც შეუძლია ჩვენი ინდივიდუალიზმის  გამომხატველ დეტალად იქცეს.

   სამკაულის დიზაინის მოფიქრებას საკმაოდ დიდი წარმოსახვა და მრავალი დეტალის აღქმა სჭირდება. ამიტომაც  ხელოვანი, რომელიც მას ქმნის, განსაკუთრებული შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევა. ამ სტატიაში  გაგაცნობთ ხობელ გოგონას,  დიზაინერს, რომელიც გამორჩეული ვიზუალის  მქონე სამკაულებს ქმნის. 

   ლიზა იოსავა დაიბადა 2007 წლის 16 ნოემბერს. ცხოვრობს ხობის მუნიციპალიტეტის  ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში და  სწავლობს  ქ.ხობის N2 საჯარო სკოლაში.

    -   ლიზი, როდის და რამ გაგიჩინა სურვილი დაგეწყო ხელთნაკეთი სამკაულების შექმნა?

 ჩემი ინტერესი სამკაულებისადმი, განსაკუთრებით კი გვირგვინებისადმი,დაიწყო მაშინ, როდესაც ბრიტანეთის სამეფო კოლექციას ვათვალიერებდი ინტერნეტ სივრცეში. ერთ დღესაც კი, მათი ნახვით ძლიერ მოხიბლულს, გამიჩნდა სურვილი, რომ თავადვე დამემზადებინა მათი ინსპირაციით სამკაულები.

   ძალიან მიხაროდა, როდესაც ვხედავდი თუ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ სახეს იღებდა ჩემი პირველი ხელთნაკეთი გვირგვინი. მისმა სილამაზემ და დედოფლურობამ, მომიწოდა და მომცა სტიმული, რომ დამემზადებინა სხვა სტილის აქსესუარებიც. ეს წამოწყება, რომელიც თავდაპირველად, უბრალოდ პირად ინტერესს წარმოადგენდა, საბოლოოდ ძალიან დიდ და საინტერესო სამუშაოში გადაიზარდა.

   გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემი აქსესუარები არამარტო ჩემს თავზე ,არამედ სხვებზეც მეხილა, მინდოდა, რომ ის ყველასათვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი. ამიტომაც დღეს ვამზადებ როგორც სადედოფლო, ასევე სადღესასწაულო და ყოველდღიურ აქსესუარებს. 


         


       -          რა მასალას იყენებ ხოლმე სამკაულების შესაქმნელად? 

       აქსესუარებზე მუშაობისას ვხმარობ დრეკად, უჟანგავ მეტალს, რომელიც მაძლევს საშუალებას, მივცე სასურველი ფორმები. მათ გასაფორმებლად და ზოგადად, გვირგვინების შესაქმნელად ვხმარობ ფერად კრისტალებს  და უცხო ფორმის თვლებს. ვიყენებ ასევე სხვადასხვა ფორმის ,,აკრილის" ყვავილებს. ამ ყველაფრის საშუალებით კი ვქმნი მრავალფეროვანი სტილის აქსესუარებს. ამიტომაც თითოეული მათგანი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან და მორგებულია მომხმარებლის ინტერესზე.

        რა სამკაული შექმენი პირველად და ვისთვის?

     სამკაული, რომელიც პირველად დავამზადე და რომელმაც დამანახა ჩემი შესაძლებლობები, იყო სადედოფლო სტილის გვირგვინი, რომელზეც ძალიან დიდხანს, დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობდი. ეს გვირგვინი შევქმენი საკუთარი თავისთვის, რომელიც დღემდე მაქვს.

   თითოეული ხელით შექმნილი ელემენტით ვხვდებოდი, თუ რამდენად რთული, მაგრამ ამავდროულად რამდენად სასიამოვნო სამუშაო პროცესი იყო. ამით კი უფრო მეტად დავაფასე სხვა მეწარმეების შრომა, რომლებიც მთელ დროს სწორედ ხელთ ნაკეთობებს უთმობენ.                                         


         -  რამდენი სახის სამკაული გაქვს შექმნილი? 

      მაქვს სხვადასხვა სახის სამკაულები შექმნილი. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში დავამზადე მკლავის აქსესუარები. მათგან კი ყველაზე მეტად გამოვარჩევ დედისთვის შექმნილ მკლავის აქსესუარს, რომელიც მისი საყვარელი ყვავილების ინსპირაციით დავამზადე. გარდა ამისა, ვამზადებ შუბლის, ელფის სტილის გვირგვინებს, ბეჭდებს, სადედოფლო დიადემებსა და თმის სარჭებს. ბოლო დროს კი დავიწყე მარგალიტებით ჩანთების დამზადებაც.

 - შენს ნამუშევრებს ეტყობა რომ შექმნილია დიდი მონდომებით, რა გრძნობა გეუფლება როცა მათ ქმნი? 

       ნამდვილად, თავს ყველაზე მშვიდად და ენერგიულად მაშინ ვგრძნობ, როდესაც სამკაულებზე ვმუშაობ, რადგანაც ვიცი მათი დამზადება სწორ განწყობას, დიდ დროსა და მუზას მოითხოვს.

  აქსესუარის ყველა დეტალს სჭირდება სწორად გაზომვა, სწორი გათვლა და მასალების ცნობა. სანამ უშუალოდ დავიწყებდე მუშაობას, ვაკეთებ მონახაზს, რომელსაც სათანადოდ მივყვები. ამ დროს კი ვრთავ საყვარელ მუსიკებს და ვიქმნი სასურველ და სასიამოვნო გარემოს.  ეს ყველაფერი დიდ შრომას და დროს მოითხოვს, მაგრამ მიუხედავად დაღლილი ხელებისა და მრავალი მცდელობისა, მივიღო საუკეთესო პროდუქტი, ყოველთვის სრულდება სასურველი შედეგით. ყოველი შეცდომით კი ვსწავლობ ახალ ხრიკს და დამზადების ტექნიკას. 


        


   -      როგორც ჩემთვის ცნობილია უკვე არაერთი მომხმარებელია დაინტერესებული შენი შექმნილი სამკაულით და გიკვეთავენ ხოლმე, ძირითადად რას გიკვეთავენ ლიზი?

       პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ის, რომ ძალიან მიხარია როდესაც მომხმარებელი მიცხადებს ნდობას და სასურველი აქსესუარის დამზადებისას მე მომმართავს. ამ დროს განსაკუთრებით მადლიერი ვარ, რადგან ამ სფეროში პირველად ვაბიჯებ ფეხს. ძირითადად მომხმარებლისთვის ვამზადებ მკლავის აქსესუარებს და თავის, შუბლის პატარა გვირგვინებს. სულ ახლახან კი დავამზადე სადედოფლო გვირგვინი, რომლის დიზაინიც საყვარელ მომხმარებელთან ერთად შევიმუშავე.

 -         სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

 ვინაიდან ახალი წელი ახლოვდება, ვფიქრობ, რომ მომხმარებელს საახალწლო კოლექცია შევთავაზო. სამომავლოდ კი მაქვს იმედი, რომ ჩემს ირგვლივ უფრო დიდ აუდიტორია შეიკრიბება და რომ უფრო მეტ ადამიანს გავაცნობ ჩემს თავს, ჩემი ხელნაკეთი აქსესუარებით.


               -     გაქვს სპეციალურად შექმნილი სოციალური გვერდი, რომელია ეს გვერდი რომ ვუთხრათ დაინტერესებულ პირებს და როგორ შეიძლება დაგიკავშირდნენ?

       მაქვს შექმნილი სპეციალური გვერდი, სახელად “Macacco Accessories” (მაცაცოს აქსესუარები). ეს სახელი კი შევარჩიე დიდი ბაბუის საპატივცემლოდ, რომელიც ბავშვობაში ზედმეტსახელად მაცაცოს მეძახდა ჩემი გვერდებია: Instagram- macacco.accessories TikTok- macacco.accessories Facebook- Macaco Handmade


P.S  წარმატებები ნიჭიერ ხელოვანს...