15.05.2026

აია სოფიას სახელობის ტაძარში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

 



ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე აია სოფიას სახელობის ტაძარში ამჟამად არქეოლოგიური  სამუშაოები მიმდინარეობს.

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ტაძარი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს და მისი კვლევა-აღდგენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

ტაძარში მიმდინარე პროცესები ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის,  გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება. მეუფის მიერ მომზადებული წერილის საფუძველზე, ძეგლს და მიმდებარე ტერიტორია ჩატარდა შესაბამისი კვლევები და შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც ტაძრის ისტორიული იერსახისა და ავთენტურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

არქეოლოგიურ და კვლევით პროცესებში ჩართული არიან სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის  არქიტექტორ-რესტავრატორები: რევაზ შაშვიაშვილი და რევაზ პაპუაშვილი (ხობის საპატიო მოქალაქე), ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია, გეოლოგი ალეკო პაიჭაძე და ტოპოგრაფი გოგა კვარაცხელია. სპეციალისტთა ჯგუფი ერთობლივად მუშაობს ტაძრის ისტორიული, კულტურული და კონსტრუქციული თავისებურებების შესწავლაზე.

პროექტის მხარდამჭერი და დამფინანსებელია, ამავე სოფლის მკვიდრის თეიმურაზ და ესტატე ფილიპიების შთამომავალი ზურაბ ფილიპია, რომლის მხარდაჭერითაც ტაძარში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო და კვლევითი სამუშაოები ხორციელდება.

სპეციალისტების შეფასებით, ტაძარი უნიკალური არქიტექტურული და კულტურული მნიშვნელობის მატარებელია.

აღსანიშნავია, რომ აია სოფიას სახელწოდება ქართულ სინამდვილეში განსაკუთრებულ ისტორიულ კავშირს ატარებს და კიდევ უფრო ზრდის ამ ძეგლის მნიშვნელობას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, აია სოფიას სახელობის ტაძარი კიდევ უფრო მნიშვნელოვან კულტურულ და სულიერ ცენტრად ჩამოყალიბდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას, ისე რეგიონის კულტურულ განვითარებას.


იხილეთ აია სოფიას შესახებ





























07.04.2026

                                                 გილოცავთ ხარებას... 


   დღეს, ხარების დღესასწაულზე, ხობის ხარების დედათა მონასტერში ქადაგებისას, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) განსაკუთრებული ემოციით და მადლიერებით გაიხსენა მნიშვნელოვანი ეპიზოდი ხობის მონასტერზე:

„როცა პატრიარქს ვკითხე — ხობის ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და მონასტერს რა სახელი ეწოდოსო? უწმინდესმა მიპასუხა — ხარებისა იყოსო.“
ამგვარად, ჩვენს მონასტერს სახელწოდება ,,ხარების მონასტერი'' თავად უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უბოძა. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მადლი და სულიერი საჩუქარია.❤️
დღეს კიდევ ერთხელ შევიგრძენით, რამდენად ძვირფასი და მადლმოსილია ეს კურთხევა ჩვენი მონასტრისა და თითოეული მლოცველისთვის.🙏🏻



















18.03.2026

დღე, რომელმაც დრო გააჩერა - სტუმრად პატრიარქთან



დღე, რომელმაც დრო გააჩერა - სტუმრად პატრიარქთან...




                              მოგონება 2013 წლის 26 მაისიდან...

2013 წლის 26 მაისი ჩვეულებრივი სამუშაო დღით დაიწყო — დღე, რომელიც არაფრით მიანიშნებდა იმაზე, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და დაუვიწყარ მოგონებად იქცეოდა.

იმ დილით სამსახურში მხოლოდ ერთი თხოვნით შევედი — ჩემი დაიკოს დაბადების დღეზე დასწრება მინდოდა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მოვლენები სრულიად სხვა მიმართულებით განვითარდებოდა. იმავე დღეს მითხრეს, რომ სტუმრად მიდიოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და შემომთავაზეს, მათთან ერთად წავსულიყავი.

 პატრიარქის ახლოდან ნახვა ხომ ბევრისთვის მიუწვდომელი სურვილია. დავთანხმდი იმ იმედით, რომ იქნებ შორიდან მაინც მომეხერხებინა მისი ხილვა. ხობიდან თბილისისკენ მიმავალ გზას უცნაური მოლოდინი ახლდა. უკვე ვგრძნობდი, რომ ეს დღე ჩვეულებრივი აღარ იქნებოდა.


      


   საპატრიარქოში მისვლისას ეს განცდა კიდევ უფრო გამიძლიერდა. ჩვენთან ერთად იყვნენ ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ფოთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. საჩუქრად მიგვყავდა სოფელ ქვალონის რწმუნებულის, აწ გარდაცვლილი გია გვაძაბიას მიერ ტყეში დაჭერილი ორი შვლის ნუკრი, რომლებიც პატრიარქს ხობის დედათა მონასტერში სტუმრობისას მოეწონა. ფოთელებმა კი ულამაზესი ფარშევანგები მოუყვანეს. ყველაფერი თითქოს სიმბოლურადაც განსაკუთრებული და ლამაზი იყო.

 ადგილზე მისულებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დაგვხვდა. მოულოდნელი წამოსვლის გამო შარვლები მეცვა და მანქანიდან გადმოსვლასაც კი ვერ ვბედავდი. როცა მიზეზი აუხსნეს, მეუფემ მშვიდად მითხრა: „პატრიარქთან მოხვედრას ადამიანები თვეებითა და წლებით ელოდებიან — ჩამოდი, გაძლევ კურთხევას“.

პატრიარქის რეზიდენციის ეზოში შესვლისას სიხარულისგან ვკანკალებდი. პატრიარქმა დაგვლოცა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მომენტი, როცა შვლის ნუკრები თითქოს ნასწავლივით მიუახლოვდნენ მას — წყალი დაალევინა, მათ ადამიანებივით ესაუბრებოდა, და ისინიც მშვიდად უსრულებდნენ თხოვნას. შემდეგ კი კვლავ თავისუფლებას დაუბრუნდნენ და ეზოში გაიქცნენ. გარემო საოცარი სიმშვიდით იყო სავსე.

მოგვიანებით პატრიარქმა რეზიდენციაში მიგვიწვია. გამწვანებული ეზო, ყვავილები, ხატებით სავსე კედლები — ყველაფერი მიწიერ და ზეციურ სილამაზეს აერთიანებდა. მესამე სართულზე, მის სამუშაო ოთახში ავედით. სიჩუმე სუფევდა. მეც კუთხეში პატარა პუფზე მოკრძალებით დავჯექი. მოულოდნელად პატრიარქმა მზერა ჩემზე შეაჩერა და მკითხა: — შენ ხომ პიანინოზე უკრავ? იმ წამს დაბნეულობა დამეუფლა — უარი როგორ მეთქვა, მაგრამ რა უნდა დამეკრა? სანამ პასუხის პოვნას მოვასწრებდი, უკვე გაისმა: „კი, უკრავსო“. მეუფემ ელექტრო პიანინო ჩამირთო. ძალიან ვნერვიულობდი, ადგილს ვერ ვპოულობდი. თითქოს ჩემი ფიქრი გაეგონა — „რამე მეგრული გვიმღერეო“. დავუკარი და ვიმღერე, თუმცა დღემდე ვერ ვიხსენებ, რა სიმღერა იყო — იმდენად ვღელავდი. ჩემთვის ეს იყო უდიდესი პატივი და ბედნიერება — უწმინდესთან შეხვედრა. სიმღერის დასრულების შემდეგ მისი ნათელი ღიმილი დღემდე თვალწინ მიდგას. „შენ ისე მღერი, რომ როიალზე უკეთესადაც იმღერებო“ — მითხრა და გამამხნევა.

...შემდეგ სინოდის სხდომათა დარბაზში გადავინაცვლეთ. კედელზე ღვთისმშობლის ფრესკას შევხედე და გულში ჩუმად ვთხოვე: „ღვთისმშობელო, რომელიმე სიმღერა გამახსენე…“ და გამახსენდა — „ვედრება“. როიალთან დავჯექი. ხელები მიკანკალებდა, მაგრამ პირველი აკორდის შემდეგ შიში გაქრა. ვმღეროდი და მეგონა, თითქოს დრო გაჩერდა. სიმღერის დასრულებისას სიჩუმე ტაშის ხმამ შეცვალა. მათ შორის იყო პატრიარქი — ღიმილით, თვალებში სხივით, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. „ყოჩაღო“ — მითხრა, მომიხმო, ჩამიხუტა, დამლოცა და გული გამითბო. ცრემლები თავისთავად წამომივიდა — ეს იყო მადლიერების, პატივისცემისა და სიყვარულის ცრემლები.

იმ დღეს მივხვდი, რომ ბედნიერება ხშირად დაუგეგმავად მოდის — მშვიდად, მოულოდნელად და სამუდამოდ რჩება გულში. 2013 წლის 26 მაისი ჩემთვის სწორედ ასეთი დღეა — დღე, რომელმაც დრო გააჩერა.

 დღეს კი ეს მოგონება განსაკუთრებულ ტკივილსაც იტევს… აღარ გვყავს მთელი საქართველოს იმედი და საყრდენი — სიბრძნის, სიკეთისა და ღვთიური მადლის მატარებელი ჩვენი პატრიარქი. გვაპატიე, ჩვენო უწმინდესო, რომ ვერ გაგიფრთხილდით. გვაპატიეთ, რომ სიყვარულის ნაცვლად გულისტკენა დაგიბრუნეთ. გვაპატიეთ, რომ ვერ შევძელით თქვენი სიდიადის სწორად დაფასება. ღმერთთან ამაღლდით, ჩვენო პატრიარქო…










31.10.2025

  
    სამკაული ის უნივერსალური ნივთია, რომელსაც შეუძლია ჩვენი ინდივიდუალიზმის  გამომხატველ დეტალად იქცეს.

   სამკაულის დიზაინის მოფიქრებას საკმაოდ დიდი წარმოსახვა და მრავალი დეტალის აღქმა სჭირდება. ამიტომაც  ხელოვანი, რომელიც მას ქმნის, განსაკუთრებული შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევა. ამ სტატიაში  გაგაცნობთ ხობელ გოგონას,  დიზაინერს, რომელიც გამორჩეული ვიზუალის  მქონე სამკაულებს ქმნის. 

   ლიზა იოსავა დაიბადა 2007 წლის 16 ნოემბერს. ცხოვრობს ხობის მუნიციპალიტეტის  ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში და  სწავლობს  ქ.ხობის N2 საჯარო სკოლაში.

    -   ლიზი, როდის და რამ გაგიჩინა სურვილი დაგეწყო ხელთნაკეთი სამკაულების შექმნა?

 ჩემი ინტერესი სამკაულებისადმი, განსაკუთრებით კი გვირგვინებისადმი,დაიწყო მაშინ, როდესაც ბრიტანეთის სამეფო კოლექციას ვათვალიერებდი ინტერნეტ სივრცეში. ერთ დღესაც კი, მათი ნახვით ძლიერ მოხიბლულს, გამიჩნდა სურვილი, რომ თავადვე დამემზადებინა მათი ინსპირაციით სამკაულები.

   ძალიან მიხაროდა, როდესაც ვხედავდი თუ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ სახეს იღებდა ჩემი პირველი ხელთნაკეთი გვირგვინი. მისმა სილამაზემ და დედოფლურობამ, მომიწოდა და მომცა სტიმული, რომ დამემზადებინა სხვა სტილის აქსესუარებიც. ეს წამოწყება, რომელიც თავდაპირველად, უბრალოდ პირად ინტერესს წარმოადგენდა, საბოლოოდ ძალიან დიდ და საინტერესო სამუშაოში გადაიზარდა.

   გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემი აქსესუარები არამარტო ჩემს თავზე ,არამედ სხვებზეც მეხილა, მინდოდა, რომ ის ყველასათვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი. ამიტომაც დღეს ვამზადებ როგორც სადედოფლო, ასევე სადღესასწაულო და ყოველდღიურ აქსესუარებს. 


         


       -          რა მასალას იყენებ ხოლმე სამკაულების შესაქმნელად? 

       აქსესუარებზე მუშაობისას ვხმარობ დრეკად, უჟანგავ მეტალს, რომელიც მაძლევს საშუალებას, მივცე სასურველი ფორმები. მათ გასაფორმებლად და ზოგადად, გვირგვინების შესაქმნელად ვხმარობ ფერად კრისტალებს  და უცხო ფორმის თვლებს. ვიყენებ ასევე სხვადასხვა ფორმის ,,აკრილის" ყვავილებს. ამ ყველაფრის საშუალებით კი ვქმნი მრავალფეროვანი სტილის აქსესუარებს. ამიტომაც თითოეული მათგანი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან და მორგებულია მომხმარებლის ინტერესზე.

        რა სამკაული შექმენი პირველად და ვისთვის?

     სამკაული, რომელიც პირველად დავამზადე და რომელმაც დამანახა ჩემი შესაძლებლობები, იყო სადედოფლო სტილის გვირგვინი, რომელზეც ძალიან დიდხანს, დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობდი. ეს გვირგვინი შევქმენი საკუთარი თავისთვის, რომელიც დღემდე მაქვს.

   თითოეული ხელით შექმნილი ელემენტით ვხვდებოდი, თუ რამდენად რთული, მაგრამ ამავდროულად რამდენად სასიამოვნო სამუშაო პროცესი იყო. ამით კი უფრო მეტად დავაფასე სხვა მეწარმეების შრომა, რომლებიც მთელ დროს სწორედ ხელთ ნაკეთობებს უთმობენ.                                         


         -  რამდენი სახის სამკაული გაქვს შექმნილი? 

      მაქვს სხვადასხვა სახის სამკაულები შექმნილი. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში დავამზადე მკლავის აქსესუარები. მათგან კი ყველაზე მეტად გამოვარჩევ დედისთვის შექმნილ მკლავის აქსესუარს, რომელიც მისი საყვარელი ყვავილების ინსპირაციით დავამზადე. გარდა ამისა, ვამზადებ შუბლის, ელფის სტილის გვირგვინებს, ბეჭდებს, სადედოფლო დიადემებსა და თმის სარჭებს. ბოლო დროს კი დავიწყე მარგალიტებით ჩანთების დამზადებაც.

 - შენს ნამუშევრებს ეტყობა რომ შექმნილია დიდი მონდომებით, რა გრძნობა გეუფლება როცა მათ ქმნი? 

       ნამდვილად, თავს ყველაზე მშვიდად და ენერგიულად მაშინ ვგრძნობ, როდესაც სამკაულებზე ვმუშაობ, რადგანაც ვიცი მათი დამზადება სწორ განწყობას, დიდ დროსა და მუზას მოითხოვს.

  აქსესუარის ყველა დეტალს სჭირდება სწორად გაზომვა, სწორი გათვლა და მასალების ცნობა. სანამ უშუალოდ დავიწყებდე მუშაობას, ვაკეთებ მონახაზს, რომელსაც სათანადოდ მივყვები. ამ დროს კი ვრთავ საყვარელ მუსიკებს და ვიქმნი სასურველ და სასიამოვნო გარემოს.  ეს ყველაფერი დიდ შრომას და დროს მოითხოვს, მაგრამ მიუხედავად დაღლილი ხელებისა და მრავალი მცდელობისა, მივიღო საუკეთესო პროდუქტი, ყოველთვის სრულდება სასურველი შედეგით. ყოველი შეცდომით კი ვსწავლობ ახალ ხრიკს და დამზადების ტექნიკას. 


        


   -      როგორც ჩემთვის ცნობილია უკვე არაერთი მომხმარებელია დაინტერესებული შენი შექმნილი სამკაულით და გიკვეთავენ ხოლმე, ძირითადად რას გიკვეთავენ ლიზი?

       პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ის, რომ ძალიან მიხარია როდესაც მომხმარებელი მიცხადებს ნდობას და სასურველი აქსესუარის დამზადებისას მე მომმართავს. ამ დროს განსაკუთრებით მადლიერი ვარ, რადგან ამ სფეროში პირველად ვაბიჯებ ფეხს. ძირითადად მომხმარებლისთვის ვამზადებ მკლავის აქსესუარებს და თავის, შუბლის პატარა გვირგვინებს. სულ ახლახან კი დავამზადე სადედოფლო გვირგვინი, რომლის დიზაინიც საყვარელ მომხმარებელთან ერთად შევიმუშავე.

 -         სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

 ვინაიდან ახალი წელი ახლოვდება, ვფიქრობ, რომ მომხმარებელს საახალწლო კოლექცია შევთავაზო. სამომავლოდ კი მაქვს იმედი, რომ ჩემს ირგვლივ უფრო დიდ აუდიტორია შეიკრიბება და რომ უფრო მეტ ადამიანს გავაცნობ ჩემს თავს, ჩემი ხელნაკეთი აქსესუარებით.


               -     გაქვს სპეციალურად შექმნილი სოციალური გვერდი, რომელია ეს გვერდი რომ ვუთხრათ დაინტერესებულ პირებს და როგორ შეიძლება დაგიკავშირდნენ?

       მაქვს შექმნილი სპეციალური გვერდი, სახელად “Macacco Accessories” (მაცაცოს აქსესუარები). ეს სახელი კი შევარჩიე დიდი ბაბუის საპატივცემლოდ, რომელიც ბავშვობაში ზედმეტსახელად მაცაცოს მეძახდა ჩემი გვერდებია: Instagram- macacco.accessories TikTok- macacco.accessories Facebook- Macaco Handmade


P.S  წარმატებები ნიჭიერ ხელოვანს...