14.12.2020

ინტერვიუ ახალგაზრდა წარმატებულ ექიმთან ივანე (ვანო) ჯავახიშვილთან

  

           

 გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა წარმატებულ ექიმთან, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ  ივანე (ვანო) ჯავახიშვილთან

   ივანე ჯავახიშვილმა 2006 წელს დაამთავრა ხობის N1 საშუალო სკოლა, 2012  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.  სწავლა განაგრძო  .ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა მიკრობიოლოგია-ვირუსოლოგია-ბიოტექნოლოგიის მიმართულებით, რომელიც 2015 წელს დაასრულა. 2015-2019 წელებში  გაიარა  სარეზიდენტო პროგრამა  რეანიმაცია-ანესთეზიის მიმართულებით. ამჯამად მცხეთის სამედიცინო ცენტრში, რეანიმაცია-ანესთეზიის დეპარტამენტს ხელმნძღვანელობს.

   ივანე  ექიმი 31 წლისაა,  დასაოჯახებელი. ცხოვრობს თბილისში.  

 

-         მოგესალმებით, რატომ გადაწყვიტეთ  ექიმობა?

  მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითხველს, რაც შეეხება ექიმობას ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა, მომწონდა ეს პროფესია, შემდეგ გარკვეული პერიოდი გადავიფიქრე, სხვა პროფესიაზე ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბავშვობიდან არჩეულ მიზანს მივყევი და არ ვნანობ, ალბათ ამ პროფესიის გარდა, სხვა პროფესიით ვერასდროს ვიმუშავებდი.

-         გეტყობათ რომ ხართ მიზანდასახული ადამიანი და აღწევთ კიდეც მიზნებს, როგორ ახერხებთ ამას?

თავდაუზოგავი შრომის ფასად, დღევანდელ სამყაროში ყველანაირ წარმატებას ძალიან ბევრი შრომა სჭირდება, რაც დრო გადის და საზოგადოება ვითარდება,  ცოდნა მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თუ საკუთარი საქმის კარგი მცოდნე ხარ, დღეს უკვე დახმარების გარეშეც ადვილად შეგიძლია მიაღწიო წარმატებას, უბრალოდ ამ ყველაფერს მოთმინება და თავდაუზოგავი შრომა სჭირდება.

-         ამჟამად მუშაობთ მცხეთის სამედიცინო ცენტრში, ეს თქვენი პირველი სამუშაო ადგილია?

არა, მანამდე ვმუშაობდი სხვადასხვა კლინიკაში, სადაც ბევრი გამოცდილება დავაგროვე, მას შემდეგ, რაც საქართველოში კოვიდის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, დავიწყე მუშაობა მცხეთის სამედიცინო ცენტრში, სადაც რეანიმაცია-ანესთეზიის დეპარტამენტს ვხელმნძღვანელობ. ჩვენი კლინიკა ჯერ კიდევ აპრილიდან ჩაერთო კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში  და ამ მომენტამდე წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

-         როგორ პაციენტებთან გიწევთ მუშაობა, როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

ჩვენი კლინიკა, როგორც ერთ-ერთი პირველი კლინიკა კოვიდ პაციენტების მკურნალობაში, გადასულია  მძიმე პაციენტების მიღებაზე და მათ მკურნალობაზე, რაც შეეხება რეჟიმს თითქმის ყოველ დღიურად მიწევს კლინიკაში ყოფნა და კოვიდ პაციენტებთან მუშაობა, ზოგჯერ რამდენიმე მორიგეობის გადაბმაც, გააჩნია პაციენტების რაოდენობას და  სიმძიმეს.

-         როგორი ვითარებაა თქვენს კლინიკაში?

სამწუხაროდ გვყავს ძალიან მძიმე პაციენტები, ფილტვების მაღალი ხარისხის დაზიანებით, უმეტესობა  მართვით სუნთქვაზე განაგრძობს მკურნალობას, მაგრამ საბედნიეროდ გვყავს პაციენტები ვინც დაამარცხა აღნიშნული ვირუსი, შევძელით მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნა და გამოჯამრთელებულები გაეწერნენ კლინიკიდან.

-         რამდენად ადეკავტურად აღიქვამს პაციენტები კორონავირუსის პანდემიის საფრთხეს?

პაციენტებთან ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, საკუთარი ინფიცირებიდან გამომდინარე უკვე რეალურად უდგება აღნიშნულ საფრთხეს, რადგან საკუთარი ჯამრთელობის ფასად გამოსცადა ამ ვირუსის საშიში ხასიათი. სამწუხაროდ ზოგჯერ კლინიკაში მომართვის დაგვიანებული შემთხვევებიც გვაქვს, როდესაც პაციენტის ჯამრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ასეთ შემთხვევაში ექიმები უძლურები ვართ.

-         თქვენ რას იტყოდით covid-19-ზე?

მინდა თქვენს მკითხველს ვუთხრა, რომ ძალიან საშიში და არაპროგნოზირებადი ვირუსია, მისი ორგანიზმში მოქმედების მექანიზმი, ჯერ კიდევ არ არის სრულად შესწავლილი, ამ ეტაპზე გამოვლენილია რამდენიმე გვერდთი მოვლენა, რასაც ეს ვირუსი იწვევს, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თითქოს ამ ვირუსის ხასიათი და მკურნალობა ვისწავლეთ. თითქმის ყოველ თვე იცვლება მკურნალობის სქემა და პროტოკოლი, ამიტომ ჩემი აზრით მთავარი აღმოჩენები ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

-         ჰიპოკრატე ამბობდა, რომ ,,გონება საუკეთესო მკურნალია“, როგორ ფიქრობთ პაციენტის გონებას გულისხმობდა, ექიმის გონებას თუ ორივეს?

ალბათ ორივეს გონიერ ექიმს და ოპტიმისტურად განწყობილ პაციენტს. პაციენტის ემოციური მდგომარეობა დიდ როლს თამაშობს დაავადების მიმდინარეობასა და მკურნალობაზე.

-         რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი ცხოვრებაში?

ალბათ ის რასაც ექიმები ვაკეთებთ, დახმარება და სიცოცხლის გახანგრძლივება ადამიანებისთვის.

-         პროფესიიდან გამომდინარე დროის ძირითადი ნაწილს მუშაობაში ატარებთ. როგორ განიტვირთებით?

როცა თავისუფალი დრო მაქვს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს ვსტუმრობ ისტორიულ ადგილებს ვეცნობი და ვათვალიერებ, მინდა რომ კარგად ვიცნობდე ჩემს ქვეყანას.

-         პირველი სამუშაო დღე რომ გაიხსენოთ?!.  

საკმაოდ სტრესული დღე, J ბევრი მძიმე პაციენტი და უამრავი საქმე, რომელიც საკმაოდ დიდი ტვირთი აღმოჩდა პირველი დღისთვის.

-         მთავარი თვისება რომელიც უნდა ახასიათებდეს ექიმს?

პირველ რიგში, ექიმს უნდა ახასიათებდეს შემდეგი თვისება, არ უნდა ავნოს პაციენტს, ბიოეთიკის სახელმძღვანელოში ერთი თავი ეძღვნება სწორედ ამ ფრაზას „არ ავნო“, ასევე უნდა გააჩდეს მოთმინების  და შრომისმოყვარეობის უნარი, რადგან თითოეული პაციენტი დიდ ენერგიას და შრომას მოითხოვს.

-         რა რჩევას მისცემდით მედიცინის დამწყებ მუშაკებს?

საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროფესიაა, მოემზადნონ მუდმივი სწავლისთვის და დაუსრულებელი შრომისთვის, თუ ამისთვის მზად არ არიან და არც დარწმუნებულები თავის არჩევანში, ვურჩევ რომ კარგად დაფიქრდნენ.

-         რას გვეტყოდით ხობში გატარებულ წლებზე? და რას ეტყოდით ხობელებს?

ხობში გატარებულ წლებზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვილაპარაკო, ჩემი ბავშვობა ხობში გავატარე და ყველაფერი სასიამოვნოდ მახსენდება,  ბავშვობის წლები ხომ ყველაზე ტკბილია ადამიანისთვის, ხობელებს კი ჯამრთელობა და დღეგრძელობა მინდა ვუსურვო.

-         სამომავლო გეგმები, ოცნება და მიზანი?

ამ კითხვამ ცოტა დამაფიქრა, J სამომავლო გეგმებზე ჯერ არ მიფიქრია, ამჟამად დაკავებული ვარ ჩემი პროფესიით და საკუთარი თავის  რეალიზაციით, ალბათ კოვიდ პანდემიის შემდეგ კვალიფიკაციას ავიმაღლებ და დოქტორის ხარისხის დაცვაზე ვიფიქრებ.

-         გისურვებთ წარმატებებს...