მოგონება 2013 წლის 26 მაისიდან...
2013 წლის 26 მაისი ჩვეულებრივი სამუშაო დღით დაიწყო — დღე, რომელიც არაფრით მიანიშნებდა იმაზე, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და დაუვიწყარ მოგონებად იქცეოდა.
იმ დილით სამსახურში მხოლოდ ერთი თხოვნით შევედი — ჩემი დაიკოს დაბადების
დღეზე დასწრება მინდოდა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მოვლენები სრულიად სხვა მიმართულებით
განვითარდებოდა. იმავე დღეს მითხრეს, რომ სტუმრად მიდიოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან
და შემომთავაზეს, მათთან ერთად წავსულიყავი.
პატრიარქის ახლოდან ნახვა
ხომ ბევრისთვის მიუწვდომელი სურვილია. დავთანხმდი იმ იმედით, რომ იქნებ შორიდან მაინც
მომეხერხებინა მისი ხილვა. ხობიდან თბილისისკენ მიმავალ გზას უცნაური მოლოდინი ახლდა.
უკვე ვგრძნობდი, რომ ეს დღე ჩვეულებრივი აღარ იქნებოდა.
საპატრიარქოში მისვლისას ეს განცდა კიდევ უფრო გამიძლიერდა. ჩვენთან ერთად იყვნენ ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ფოთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. საჩუქრად მიგვყავდა სოფელ ქვალონის რწმუნებულის, აწ გარდაცვლილი გია გვაძაბიას მიერ ტყეში დაჭერილი ორი შვლის ნუკრი, რომლებიც პატრიარქს ხობის დედათა მონასტერში სტუმრობისას მოეწონა. ფოთელებმა კი ულამაზესი ფარშევანგები მოუყვანეს. ყველაფერი თითქოს სიმბოლურადაც განსაკუთრებული და ლამაზი იყო.
ადგილზე მისულებს ფოთისა
და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დაგვხვდა. მოულოდნელი წამოსვლის გამო შარვლები
მეცვა და მანქანიდან გადმოსვლასაც კი ვერ ვბედავდი. როცა მიზეზი აუხსნეს, მეუფემ მშვიდად
მითხრა: „პატრიარქთან მოხვედრას ადამიანები თვეებითა და წლებით ელოდებიან — ჩამოდი,
გაძლევ კურთხევას“.
პატრიარქის რეზიდენციის ეზოში შესვლისას სიხარულისგან ვკანკალებდი.
პატრიარქმა დაგვლოცა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მომენტი, როცა შვლის ნუკრები თითქოს
ნასწავლივით მიუახლოვდნენ მას — წყალი დაალევინა, მათ ადამიანებივით ესაუბრებოდა, და
ისინიც მშვიდად უსრულებდნენ თხოვნას. შემდეგ კი კვლავ თავისუფლებას დაუბრუნდნენ და
ეზოში გაიქცნენ. გარემო საოცარი სიმშვიდით იყო სავსე.
მოგვიანებით პატრიარქმა რეზიდენციაში მიგვიწვია. გამწვანებული ეზო,
ყვავილები, ხატებით სავსე კედლები — ყველაფერი მიწიერ და ზეციურ სილამაზეს აერთიანებდა.
მესამე სართულზე, მის სამუშაო ოთახში ავედით. სიჩუმე სუფევდა. მეც კუთხეში პატარა პუფზე
მოკრძალებით დავჯექი. მოულოდნელად პატრიარქმა მზერა ჩემზე შეაჩერა და მკითხა: — შენ
ხომ პიანინოზე უკრავ? იმ წამს დაბნეულობა დამეუფლა — უარი როგორ მეთქვა, მაგრამ რა
უნდა დამეკრა? სანამ პასუხის პოვნას მოვასწრებდი, უკვე გაისმა: „კი, უკრავსო“. მეუფემ
ელექტრო პიანინო ჩამირთო. ძალიან ვნერვიულობდი, ადგილს ვერ ვპოულობდი. თითქოს ჩემი
ფიქრი გაეგონა — „რამე მეგრული გვიმღერეო“. დავუკარი და ვიმღერე, თუმცა დღემდე ვერ
ვიხსენებ, რა სიმღერა იყო — იმდენად ვღელავდი. ჩემთვის ეს იყო უდიდესი პატივი და ბედნიერება
— უწმინდესთან შეხვედრა. სიმღერის დასრულების შემდეგ მისი ნათელი ღიმილი დღემდე თვალწინ
მიდგას. „შენ ისე მღერი, რომ როიალზე უკეთესადაც იმღერებო“ — მითხრა და გამამხნევა.
...შემდეგ სინოდის სხდომათა დარბაზში გადავინაცვლეთ.
კედელზე ღვთისმშობლის ფრესკას შევხედე და გულში ჩუმად ვთხოვე: „ღვთისმშობელო, რომელიმე
სიმღერა გამახსენე…“ და გამახსენდა — „ვედრება“. როიალთან დავჯექი. ხელები მიკანკალებდა,
მაგრამ პირველი აკორდის შემდეგ შიში გაქრა. ვმღეროდი და მეგონა, თითქოს დრო გაჩერდა.
სიმღერის დასრულებისას სიჩუმე ტაშის ხმამ შეცვალა. მათ შორის იყო პატრიარქი — ღიმილით,
თვალებში სხივით, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. „ყოჩაღო“ — მითხრა, მომიხმო, ჩამიხუტა,
დამლოცა და გული გამითბო. ცრემლები თავისთავად წამომივიდა — ეს იყო მადლიერების, პატივისცემისა
და სიყვარულის ცრემლები.
იმ დღეს მივხვდი, რომ ბედნიერება ხშირად დაუგეგმავად მოდის — მშვიდად,
მოულოდნელად და სამუდამოდ რჩება გულში. 2013 წლის 26 მაისი ჩემთვის სწორედ ასეთი დღეა
— დღე, რომელმაც დრო გააჩერა.
დღეს კი ეს მოგონება განსაკუთრებულ
ტკივილსაც იტევს… აღარ გვყავს მთელი საქართველოს იმედი და საყრდენი — სიბრძნის, სიკეთისა
და ღვთიური მადლის მატარებელი ჩვენი პატრიარქი. გვაპატიე, ჩვენო უწმინდესო, რომ ვერ
გაგიფრთხილდით. გვაპატიეთ, რომ სიყვარულის ნაცვლად გულისტკენა დაგიბრუნეთ. გვაპატიეთ,
რომ ვერ შევძელით თქვენი სიდიადის სწორად დაფასება. ღმერთთან ამაღლდით, ჩვენო პატრიარქო…





